top of page

რატომ შეიცვალა ვადები თსუ-ში?!


ყველაზე აქტუალური თემის კონკურსი რომ ჩატარდეს დღეს თსუ-ში პირველ ადგილზე აუცილებლად სასწავლო წლის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი გავა. სტუდენტთა და მათ შორის აკადემიური პერსონალის მოულოდნელადაც, სწავლის დაწყებამდე (12 სექტემბერს იგეგმებოდა) 2 კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია სასწავლო თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით. ალბათ, ყველა მოელოდა, რომ ვადა მაქსიმუმ ერთი კვირით გადაიწევდა, თუმცა ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, და არჩევანი 26 სექტემბერსა და 3 ოქტომბერზე შეჩერდა. თუ უშუალოდ რომელ რიცხვში აიღებდა სასწავლო წელი თსუ-ში სტარტს, ეს უკვე აკადემიურ საბჭოს უნდა გადაეწყვიტა მომდევნო დღეს სხდომაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 10 ოქტომბერზეც იყო კამათი, თუმცა ეს თარიღი სრულიად სასწავლო წლის ვადების მოშლას და დიდ ქაოსს გამოიწვევდა და, ჩვენდა საბედნიეროდ, მასზე ლაპარაკი მალევე შეწყდა.

დიდი მოლოდინის შედეგად აკადემიურმა საბჭომ 26 სექტემბერი აირჩია და ბრძანება ქალბატონი დარეჯანის ხელმოწერის შედეგად შევიდა ძალაში. ბევრმა სტუდენტმა ნაადრევად შეწყვიტა დასვენების პერიოდი, ზოგს კიდევ წინასწარ გათვლილი გეგმები ჩაეშალა იქედან გამომდინარე, რომ მთელი სემესტრის ვადების ცვლილება გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ. და მაინც, ისმის კითხვა, თუ რატომ შეიცვალა ასე მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე სასწავლო წლის ვადები?!

უდავოა და ეჭვი არც არავის ეპარება, რომ ყველაფერი თსუ-ში მოახლოვებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, უნივერსიტეტს ამჟამად არც კანცლერი ყავს და არც რექტორი. ამ მოკლე პერიოდში კი ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურის არჩევა დიდ დაძაბულობასთან იქნება დაკავშირებული (არ დაგვავიწყდეს მარტის აქციები, რომელიც რექტორი ვლადიმერ პაპავასა და კანცლერის კანდიდატის-გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული). კანცლერს რაც შეეხება, მის არჩევას უნივერსიტეტი უშედეგოდ ცდილობს თებერვლიდან მოყოლებული. ამჯერადაც, ივლისში მიმდინარე არჩევნები ჩაიშალა ორი კანდიდატის მიერ ზედიზედ ორჯერ თანაბარი ხმათა რაოდენობის დაგროვების შედეგად. თუმცა, ამ არჩევნებზე უფრო მეტ ყურადღებას მაინც რექტორის არჩევნები და მათი სავარაუდო კანდიდატები იპყრობენ.

ვლადიმერ პაპავამ მაისში ნაადრევად დატოვა თანამდებობა სტუდენტთა პროტესტის პასუხად, და ჩატარებული არჩევნების შედეგად ქალბატონ დარეჯან თვალთვაძეს ერგო პატივი მოვალეობის შემსრულების ფუნქცია შეესრულებინა უნივერსიტეტში და შეექმნა მაქსიმალურად მშვიდობიანი გარემო მომავალი არჩევნების ჩასატარებლად. არის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი დარეჯანი აპირებს არჩევნებზე კანდიდატურის წაყენებას, თუმცა მას ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. უფრო დიდ ინტერესს კიდევ რექტორობის მეორე კანდიდატი, განათლების მინისტრის-ალექსანდრე ჯეჯელავას მოადგილე, გიორგი შარვაშიძე იწვევს.

ბატონმა გიორგიმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ უარყო ინტერვიუში და განაცხადა, რომ მისი ამბიციაა თსუ გახადოს კვლევითი უნივერსიტეტი. ამ პიროვნებასთან დაკავშირებით ორი ფაქტორი იქცევს ყურადღებას. 1) ბატონი გიორგი ამჟამად ისეთ პოზიციაზე იმყოფება, როდესაც ყველაზე მარტივია მისი ამბიციის დაკმაყოფილება, ამისათვის მხოლოდ საჭიროა სახელმწიფომ პრიორიტეტად განათლება გახადოს ქვეყანაში და ბევრად მეტი თანხა ჩადოს დონის ასამაღლებლად. მარტივად რომ ვთქვათ, გაატაროს რეფორმა. 2) განათლების ამჟამინდელი მინისტრის მოადგილე, ისეთ სახიფათო თანამდებობაზე იმყოფება, რომ მისი რექტორობა უნივერსიტეტისთვის დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სტუდენტები მარტიდან მოყოლებული აპროტესტებენ უნივერსიტეტის შიდა სამზარეულოში სახელმწიფოს ჩარევას და მოითხოვენ უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას და გამიჯვნას ქვეყნის პოლიტიკისაგან. ის პიროვნება კი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მართველ გუნდთან, პოლიტიკასთან და სწორედ ქართული ოცნების დამსხურებით იმყოფება დღევანდელ პოზიციაზე, როგორ შემიქმნის უნივერსიტეტში დამოუკიდებელ, პოლიტიკისაგან გამიჯნულ გარემოს და როგორ მპირდება ჭაობიდან უნივერსიტეტის ამოთრევას, როდესაც ელემენტარული სტუდენტების დაპირისპირების და პლათფორმის გაძღოლა ვერ მოახერხა ბოლომდე. დიახ, სწორედ ეს ის პიროვნებაა, რომელსაც უნივერსიტეტში დაპირისპირებული სტუდენტების “შერიგება” დაავალეს მთავრობიდან, რათა უშუალოდ ჩაეხედა უნივერსიტეტის გულში და უფრო მომზადებული შეხვედროდა, როგორც თავად რექტორის პოზიციას, ასევე სტუდენტები მის აწ უკვე ნაცნობ პიროვნებას რექტორად. თუმცა, ამ გეგმამ სრულ წარმატებას ვერ მიაღწია.

როდესაც ასე მოულოდნელად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხდება ვადების გადაწევა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად ნაკლები მონაწილეობა მიიღონ რექტორის არჩევნებში და მიმდინარე პროცესებმა წინასაარჩევნოდ (საპარლამენტო) წყნარად ჩაიაროს. შიში, რომ შესაძლებელია სტუდენტთა ჩართულობა არასასურველი შედეგებით დასრულდეს, გამოწვეულია იმით, რომ აუდიტორია 115, რომელმაც პლატფორმაში მონაწილეობაზე საბოლოოდ თქვა უარი იმ მიზეზით, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდა (თუმცა, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მათ შეცვალეს მოთხოვნები წინა დღით კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რათა პროტესტი არ შემწყდარიყო მათი მხრიდან და მშვიდობიან ფორმაში არ გადასულიყო სამინისტროსთან ურთიერთობა. “ვისაც აქვს სურვილი, რომ სექტემბერში იხმაუროს, იხმაურებს”), დაპირდა განათლების სამინისტროს, რომ სექტემბერში სასწავლო წელი აქციებით დაიწყებოდა და დიდი საფრთხე შეექმნებოდა ზოგადად სწავლის პროცესს (ჩაიშლებოდა).

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, და იმის გათვალისწინებით, რომ შარვაშიძის კანდიდატურა მთავრობისთვს პრიორიტეტულია, უნდა მომხდარიყო შემდეგი პრინციპით მოქმედება-არც მწვადი დამწვარიყო (აქციები აირიდონ უნდა თავიდან) და არც შამფური (შარვაშიძემ უნდა გაიმარჯვოს). უნივერსიტეტისათვის გიორგი შარვაშიძის გამარჯვება უშუალოდ ნიშნავს ფინანსების მთავრობის მიერ სრულ კონტროლს. სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ხმის საბოლოო დახშობას. თუ ვლადიმერ პაპავას შემთხვევაში პროტესტმა რაიმე შედეგი გამოიღო, ამ პიროვნების შემთხვევაში პროტესტი სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს გახდები. არ მივიღებ იმ ადამიანის შენიშვნას, რომ ვითომ ვლადიმერ პაპავა მოგვენატრება და უარესის მოსვლის შიშით მისთვის შეცდომები უნდა გვეპატიებინა. ასეთ ხალხს შეგახსენებთ ჯოხარ დუდაევის სიტყვებს: “მონა რომელიც არ იბრძვის თავისუფლებისთვის, ორმაგ მონობას იმსახურებს”.

ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტი სტუდენტთა ზურგს უკან ცდილობს მნიშვნელოვანი საქმეების გაჩარხვას, რათა არდადეგებიდან დაბრუნებულ და საუნივერსიტეტო ცხოვრებას მოწყვეტილ სტუდენტებს უკვე 4 წლის ვადით არჩეული ახალი რექტორი დაახვედროს მიკროფონთან სიტყვის წარმოსათქმელად. ვადის გადაწევის შედეგად კი ავტომატურად გამოირიცხა ამ პროცესებიდან ის ახალწვეულები, რომლებსაც ჯერ რეგისტრაციაც არ გაუვლიათ უნივერსიტეტში, და მათთვის წარმოუდგენელად რთულია იმის გაგება, თუ რატომ იქნება გიორგი შარვაშიძის რექტორად გახდომა უნივერსიტეტისთვის დამრუპველი.

ამ მოვლენების ჩვენგან შეუფარავად წარმართვისათვის კიდევ აუცილებელია უშუალოდ მოვითხოვოთ აკადემიური საბჭოსაგან მიზეზი ვადების გადაწევის და რაც ყველაზე მთავარია, უშუალოდ ვადევნოთ თვალ-ყური რექტორის არჩევნების მიმდინარეობას, რომელთა კანდიდატების რეგისტრაცია 14 სექტემბერს შეწყდება. თუ სტუდენტობა მაქსიმალურად ჩაერთვება პროცესებში, მთავრობა უძლური იქნება ისეთი კანდიდატურა შემოგვაპაროს, რომლის რექტორობაც უნივერსიტეტისათვის არასასურველი იქნება. ასეთ შემთხვევაში კი ამაყად ვუპასუხებ უარესის მოსვლის შიშით შეპყრობილ ხალხს, რომ ცუდის ჩანაცვლება შესაძლებელია არა მარტო უარესით, არამედ უკეთესი მმართველითაც!

უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page