top of page

დარბაზის რაობა და მისი მნიშვნელობა ივანე ჯავახიშვილთან

  • Oct 4, 2016
  • 4 min read

ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა დარბაზის წარმოშობასა და მისი, როგორც უზენაესი სახელმწიფო ორგანოს არსებობასთან დაკავშირებით. ქართველ მეცნიერთაგან ბევრი დაინტერესებულა აღნიშნული პრობლემით, მაგრამ საბოლოო დასკვნები ერთმანეთისაგან ფუნდამენტურად განსხვავდებოდა. მსჯელობა ორ იძირითადი მიმართულებით წარიმართა, ერთნი ამტკიცებდნენ, რომ დარბაზი საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი ორგანო იყო, მეორენი კი ამის საწინააღმდეგოდ უშვებდნენ, რომ დარბაზს უზენაესი ორგანოს ფუნქცია არ გააჩნდა და იგი მხოლოდ მეფის სასახლეს აღნიშნავდა, სადაც თავმოყრილი იყო მონარქიის ცენტრალური სამმართველო აპარატი. დიდი ქართველი აკადემიკოსი და ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი ივანე ჯავახიშვილი იყო პირველი მკვლევარი, ვინც ვრცლად შეისწავლა ქართულ წყაროებში მოხსენიებული ტერმინი „დარბაზი“ და დაასაბუთა, რომ ისტორიის მსვლელობის გარკვეულ ეტაპზე დარბაზი მართლაც წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს უზენაეს ორგანოს.

ჯავახიშვილი საკითხის შესწავლას სიტყვა „დარბაზ“–ის განმარტებით იწყებს. „დარბაზი სპარსული სიტყვა „დარვაზეჰ“ არის და ნიშნავს სასახლის კარს, ან ალაყაფის კარს“. [1] ქართულში ეს სიტყვა ამირას, მეფის, ან საერთოდ მბრძანებლის სასახლის მნიშვნელობით გამოიყენებოდა, მაგრამ ამასთანავე დარბაზს სასახლის იმ ოთახსაც ეძახდნენ, სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა. რადგან სპარსულში ეს სიტყვა კარს ნიშნავდა, საფიქრებელია, რომ მას ქართულშიც თავდაპირველად ასეთივე მნიშვნელობა ექნებოდა. თბილისის საამიროში სპარსელთა ერთი საგვარეულო იყო გაბატონებული და თბილისის ამირასაც თავისი „დარბაზი“ ჰქონდა და „დარბაზის ყმანი“ ჰყოლია, ამიტომ შესაძლებელია, იმ დროიდანვე იყოს ეს ტერმინი შემოსული ქართულ ენაში. იმავე დანიშნულებისთვის, რისთვისაც „დარბაზს“ იყენებდნენ, „კარავიც“ გამოიყენებოდა. თამარ მეფემ შირვანშაჰი და ამირა სადარბაზოდ „კარავ“-ში მიიღო და დარბაზობაც კარავში გაუმართა. დარბაზობის სასახლეში გამართვის დროსაც, თვით ბიზანტიაშიც მეფისა და კეისრისათვის „კარავი“ იდგმებოდა. კარავქვეშ იყო კეისრის ტახტი მოთავსებული. ერთი სიტყვით, კარავსა და დარბაზს თანაბარი მნიშნელობა ჰქონიათ.

დარბაზსა და დარბაზობასაც საქართველოში, რასაკვირველია, თავისი ისტორია ექნებოდა: დროთა განმავლობაში, როგორც მისი დანიშნულება და უფლებამოვალეობები, ასევე მისი შემადგენლობა და თვით დარბაზობის წესებიც არაერთხელ უნდა იყოს შეცვლილი.[2] უძველეს ცნობად, რომელშიც დარბაზის წევრთა შემადგენლობა იხსენიება, ბაგრატ მეოთხის ოპიზისადმი 1060-1065 წლებში ბოძებულ სიგელში მოყვანილი თხრობა არის მიჩნეული. ბაგრატ მეფემ ბრძანა მიჯნაძორელთა და ოპიზართა შორის ატეხილი დავის გასარჩევად „შევკრიბენ კარსა დარბაზისა ჩუენისა მღვდელ-მოძღვარნი, ერისთავთ-ერისთავნი და ყოვლთა ხევთა ზემოთა და ქვემოთა აზნაურნი მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი და დავსხენით წინაშე ჩვენსა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ბაგრატმა სახელმწიფოს კარზე შეკრიბა უმაღლესი სამღვდელოება (მღვდელ-მოძღვარნი, ანუ ეპისკოპოსნი), საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა უფროსი წარმომადგენლები (ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავები) და ყველა ხეობის „საბჭოთა“, ანუ სასამართლო საქმეთა მეცნიერნი აზნაურნი.

გასაკვირია, რომ ამ ცნობაში დასახელებულ პირთაგან არც ერთი არ არის დარბაზის კარზე მყოფი მოხელე. რაკი სრულიად დაუჯერებელია, რომ ცენტრალური ორგანოს უფროს წევრებს, რომელთაც მეთორმეტე საუკუნეში ვაზირები ეწოდებოდათ, დარბაზის კარზე შეკრებილთა ასეთ მსჯელობაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ მათი მოუხსენებლობის მიზეზი ის გარემოება უნდა ყოფილიყო, რომ რომ მათი, როგორც მუდმივი წევრების მოწვევა-შეკრება არც იქნებოდა საჭირო და ისინი ავტომატურად იგულისხმებიან. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეთერტმეტე საუკუნეში სახელმწიფო დარბაზის წევრები ყოფილან უმაღლესი სამღვდელოების, დარბაზის კარსა მყოფი და საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა უფროსი წარმომადგენლები და „მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი“ ანუ იურისტი აზნაურები.

თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის თხზულებებიდან ჩანს,რომ დარბაზის წევრები ვაზირები იყვნენ, რომლებიც ამ ავტორის სიტყვით ,,დასვეს სელებითა ოქროჭედილებითა რომელნიმე მარჯუენით მისსა (ე.ი.მეფისა) რომელნიმე მარცხენით“. ამ დარბაზის კარზე მყოფ დიდ ხელისუფალთა გარდა, საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალნიც, ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავებიც ყოფილან წევრები და თითოეულს თავისი ადგილი ჰქონია მიჩენილი.

თვით დარბაზობა მეფის თავმჯდომარეობით იმართებოდა. დარბაზობის დროს მეფე იჯდა ხოლმე „ტახტსა ზედა ოქროჭედილსა“. ამგვარად, დარბაზობაში მონაწილენი ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ ხელისუფალნი, რომელთაც ჯდომის უფლება ჰქონდათ, მეორეს _ ხელისუფალნი, რომელთაც ჯდომის უფლება არ ჰქონდათ, არამედ უნდა მდგარიყვნენ. თავის მხრივ, ჯდომის უფლების მქონე ხელისუფალნიც რამდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ: ვაზირები ოქროჭედილ სელებზე ისხდნენ, დანარჩენი დიდი ხელისუფალნი ჩვეულებრივ საჯდომზე, მაგრამ უფროსი მათგანნი „სასთაულითა“, ე.ი. ბალიშზე. უმცროსნი, ალბათ, უსასთაულოდ მსხდარან. თავისთავად იგულისხმება, რომ უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენელნი თამარისდროინდელ დარბაზობაშიც მონაწილეობას იღებდნენ. ყურადღების ღირსია, რომ დარბაზის წევრებს განსაკუთრებული საერთო სახელი ჰქონიათ, მათ ეწოდებოდათ „დარბაზის ერნი“. ქართული ენის ფონეტიკური კანონის წყალობით ამ ტერმინთაგან წარმოიშვა „დარბაისელნი“, რომელიც შემდეგში კრებითი მნიშვნელობის სიტყვად კი არა, არამედ მრავლობიი რიცხვირ ჩვეულებრივ ფორმად იქნა მიჩნეული და ამის წყალობით, ამ ტერმინის მხოლობითი რიცხვის ფორმად შექმნეს „დარბაისელი“, რომელიც თავდაპირველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ მას დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.

მეცამეტე საუკუნის „მეფის კურთხევის წესისა და განგებისაგან“ ჩანს, რომ „დარბაზის ერნი“, ანუ დარბაზის წევრნი ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდნენ, ერთ ჯგუფს შეადგნედნენ ხელლოსანნი, მათ შორის იქნებოდნენ, უეჭველია, ვაზირებიც, რომელნიც დარბაზის მუდმივი წევრები იყვნენ, მეორე ჯგუფს ,,უხელონი’’ შეადგენდნენ. მეფის კურთხევის წესში აღნიშნულია, რომ საყდრიდან სასახლეში დაბრუნებული სამეფო ტახტზე მჯდომარე მეფედცხებულისათვის ასე უნდა მიელოცათ: „პირველად დედოფალმა თაყვანი სცეს, მერმეთა კათალიკოსმან, ჭყონდიდელმან, ათაბაგმან, მანდატურთუხუცესმან, ამირსპასალარმან, მეჭურჭლეთუხუცესმან, მსახურთუხუცესმან და შემდგომ ხელოსანთა და უხელოთა დარბაზის ერთა სრულიადთა“.

საყურადღებო ის გარემოება, რომ „დარბაზის ერთა“ მეორე ჯგუფში „უხელონი“ ყოფილან. როგორც თვით მათი სახელწოდებაც გვიჩვენებს ისინი ცხადია, მოხელენი არ იყვნენ, ალბათ, წოდებათა წარმომადგენლობითი ფუნქცია ჰქონდათ. ეყოლებოდა თუ არა დარბაზში ყველა წოდებას თავისი წარმომადგენელი, ამ საკითხის გადასაწყვეტად ჯერ არავითარი ცნობები არ მოიპოვება. ივანე ჯავახიშვილის აზრით, სავარაუდოა, რომ იქ მხოლოდ მაღალ წოდებათა წარმომადგენელნი ყოფილიყვნენ. ე.ი. „დიდ გვართ თავადნი“, აზნაურთა, დიდვაჭართა და მოქალაქეთაგან მკვიდრნი, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, „მკვიდრთა“ წარმომადგენელნი. ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით სახელმწიფო დარბაზის სხდომებს ესწრებოდა ყველა ვაზირი თავიანთი თანაშემწეებითურთ, უმაღლესი სამღვდელოება კათალიკოსისა მოძღვართ-მოძღვარის მეთაურობით და მნიშვნელოვანი მონასტრების წინამძღვარნი. საქვეყნოდ გამრიგეთაგან კი უფროსი მოხელეები. გაურკვეველი რჩება საკითხი „უხელოთა დარბაზის ერთა“ შემადგენლობის შესახებ.

ივანე ჯავახიშვილის პოზიციას დარბაზის რაობაზე იზიარებს ვალერიან მეტრეველი და უცვლელად გვთავაზობს მას საკუთარ სახელმძღვანელოში „ქართული სამართლის ისტორია“. ისიდორე დოლიძე მოკლედ აჯამებს ჯავახიშვილის მოსაზრებებს დარბაზთან დაკავშირებით და ამბობს, რომჯავახიშვილის აზრით „საქართველოს სახელმწიფოს უზენაეს ორგანოდ სახელმწიფო დარბაზი იყო“, რომელსაც მეფე იწვევდა სხვადასხვა დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების, რთული იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად და მეზობელ მეფე-მბრძანებელთა მისაღებად.

1980 წელს ილია ანთელავამ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ არც თამარამდელ და არც თამარისდროინდელ ნარატიულ თუ დოკუმენტურ წყაროებში „სახელმწიფოდარბაზის“ არსებობა არ დასტურდება. არ დასტურდება „დარბაზის“, როგორც სახელმწიფო ორგანოს არსებობა არც მომდევნო XIV-XV საუკუნეებში. ავტორი წერს: “თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემონათქვამს, უნდა დავასკვნათ, რომ „დარბაზი“ ჩვენთვის საინტერესო ხანაში არ აღნიშნავს ფეოდალთა რაიმე სათათბირო ორგანოს. „დარბაზი“ მეფის სასახლეა, სადაც თავმოყრილია მონარქიის ცენტრალური სამმართველო აპარატი. [3] ავტორის აზრით, „დარბაზი“ მხოლოდ მეფის სასახლეს, ხოლო დარბაზობა აუდიენციას ნიშნავდა. ანთელავას ეს დასკვნა მოკლებულია ჯეროვან დასაბუთებას. იმ ნარატიული, თუ დოკუმენტური წყაროების დამოწმებისას, რომლებიც თავის დროზე განხილული აქვს ივანე ჯავახიშვილს, ავტორი მის მიერ წინასწარ შემუშავებული შეხედულებების ტყვეობაში რომ არის, დარბაზის მხოლოდ ერთ მხარეს, ერთ მნიშვნელობას ხედავს.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება არგუმენტირებულია და განმტკიცებულია სხვადასხვა საისტორიო წყაროებით. კანონთა ტექსტებიდანაც უდავოა, რომ დარბაზი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო. ჯავახიშვილს ამ მიმართულებით ბევრი თანამოაზრე ჰყავს, თუმცა როგორც ვხედავთ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც. მასალები, რომლებიც მოგვეპოვება დარბაზობასთან და ზოგადად დარბაზთან დაკავშირებით საკმაოდ მწირია. ის კი ნათელია, რომ ივანე ჯავახიშვილმა საისტორიო წყაროების ანალიზით ფასდაუდებელი საქმე შეასრულა ამ ინსტიტუტის შესწავლის საქმეში და ბოლომდე სრულყოფილი თუ არა, მეტნაკლებად ობიექტური სურათი დაგვიხატა.

დავით ხურციძე _ თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის მესამე სემესტრის ბაკალავრი ნანა შამათავა _ თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის მესამე სემესტრის ბაკალავრი ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი დავითაშვილი _________________________________________________________________ [1] ივ.ჯავახიშვილი ქართული სამართლის ისტორია მე-7 ტომი.გვ 179

[2] ივ.ჯავახიშვილი ქართული სამართლის ისტორია მე -7 ტომი გვ 180

[3] ი.ანთელავა .XI-XV საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები

 
 
 

Comments


უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page