top of page

უკანცლერო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება


სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აგვისტოს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები გამოცხადდა. არჩევნებზე კანდიდატურის დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება 9 სექტემბრის 10.00 საათიდან 14 სექტემბრის 18.00 საათამდე. უშუალოდ არჩევნების თარიღად გამოცხადდა 23 სექტემბერი, როდესაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე აკადემიური საბჭო აირჩევს რექტორს 4 წლის ვადით. მოგეხსენებათ არჩევნები უნივერსიტეტში უკვე ნაცნობ ფრაზად არის ქცეული. პირველი აუცილებლად გვახსენდება მარტის თვეში მიმდინარე კანცლერის არჩევნები, სადაც აკადემიურმა საბჭომ ჯერ ყოფილი რექტორის “რჩეული” იოსებ არჩვაძე აირჩია, მოგვიანებით კი ამ პიროვნებამ კანდიდატურა მოხსნა, რომლის შესახებაც მისი შვილის facebook გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით შევიტყვეთ.

ხელახალი შესარჩევი აღარ გამოცხადებულა და გადაწყდა, რომ დარჩენილი კანდიდატურებიდან უნდა შეერჩიათ მომავალი კანცლერი. თუ ზუსტად მახსოვს, გიორგი გაფრინდაშვილმა 9-5 იმარჯვა არჩევნებზე და ხმათა უმრავლეაობით მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, რათა სენატშიც მოეგროვებინა ხმათა საჭირო რაოდენობა და კანცლერის პოზიცია დაეკავებინა. სწორედ იმის გაანალიზებას, რომ გიორგი უდავოდ მოაგროვებდა ხმათა უმრავლესობას და კანცლერადაც აირჩეოდა (რაც ზოგ პიროვნებას არასასურველ მოვლენად მიაჩნდა) მოჰყვა აქციები სტუდენტთა ერთი ჯგუფის მხრიდან, რომელიც მოგვიანებით უფრო გაფართოვდა და საერთოდ დაივიწყა კანცლერის არჩევნების შესახებ. ეხლახანს, (15 ივლის) უნივერსიტეტმა სენატის არჩევნები ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით აკადემიურ საბჭოში ორჯერ უყარეს კენჭი კანცლერის კანდიდატებს, თუმცა უშედეგოდ, მეორე ჯერზეც თანაბარი ხმების მოგროვების შედეგად კანცლერის არჩევნები ჩაიშალა და ხელახლა დაიწყო კანდოდატების რეგისტრაცია. აქ ყველაზე საინტერესოა იმ სტუდენტთა ნაწილის პასიურობა, რომელიც კანცლეს უნივერსიტეტის პრემიერ-მინისტრადა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევდა, ხოლო გიორგი გაფრინდაშვილს კი ამ პოზიციისათვის შეუფერებელ კანდიდატად ასახელებდა. ისე ჩაიარა ამ არჩევნებმა, მარტის მოვლენებისგან განსხვავებით მათი ერთი სიტყვაც არ თქმულა კანცლერის შესახებ. ეტყობა ვლადიმერ პაპავას წასვლის შემდეგ ამ თანამდებონას იმდენად დიდი მნიშვნელობა მათთვის აღარ ენიჭება.

რაც შეეხება რექტორის არჩევნებს, აქ სიტუაცია უფრო რთულადაა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტთა ნაწილის მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდია, რათა რექტორის არჩევნებში არ იყაროს კენჭი (მათ ის არასასურველ კანდიდატად მიაჩნიათ თავისთვის, ყოფილი ლექტორის მხარდაჭერას მიჩვეულები). ამ ბოლო დროს კი გავრცელდა ხმები, თითქოს გიორგი შარვაშიძე აპირებს მონაწილეობის მიღებას არჩევნებში, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილეა ამჟამად. მისი რექტორად არჩევა ავტომატურად ნიშნავს მთავრობის მარიონეტად ყოფნას და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პირდაპირ დარღვევასთან გვექნება საქმე. ბატონი გიორგის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი იმაზე, თუ ღირს საერთოდ ბედის გამოცდა ამ დიდ თამაშში და რად შეიძლება დაუჯდეს მას ეს ყველაფერი. რექტორი უნივერსიტეტის პირველი პირია, რომელიც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს საუნივერსიტეტო ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მომავალ რექტორს უნივერსიტეში სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ დახვდება, რადგან უამრავ პრობლემასთან შეჭიდება მოუწევს ავტომატურად. უნივერსიტეტში არსებულ ყველა მწვავე პრობლემას აქ ვერ ჩამოვთვლი, თუმცა შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ისინი, რომელთა მოგვარებითაც უმდა დაიწყოს, ჩემი აზრით, რექტორმა საქმიანობა.

პირველ რიგში მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის საკითხი უნივერსიტეტში. გარდა პირველი კორპუსისა, სტუმრების მიღება და მნიშვნელოვანი კონფერენციების გამართვა ფაქტობრივად სხვა კორპუსებში შეუძლებელია. გარდა აუდიტორიებისა, მოსაგვარებელია სველი წერტილების საკითხიც, სადაც დაზიანებული ჭერის გამო სტუდენტებს უფერხდებათ სარგებლობა, ან გვარიანად დასველებულებს უწევთ უკან დაბრუნება. ასევე დიდ წუხილს იწვევს სტუდენტებში უნივერსიტეტის “ბუფეტის” არარსებობა. ელექტრონული ბაზა და საგნების არჩევის პროცესი კი ნამდვილ ნადირობას წააგავს, როდესაც ყველაზე სწრაფ და მოხერხებულ მაუსის “მოწკაპუნეს” საუკეთესო ლექტორები ხვდება, სხვა კი ხელცარიელი რჩება არასასურველ სპეციალისტებთან. გასაუმჯობესებელია უნივერსიტეტის სატრანსპორტო საშუალებები, რომლისთვისაც თანხა დიდი ხნის წინად გამოიყო და დღემდე ხელუხლებლად დევს. რაც ყველაზე მტკივნეულია ამ პრობლემათა შორის, ესაა სტუდენტური საცხოვრებლის საკითხი. იქ ჩვენს მეგობრებს არაადამიანურ პირობებში უწევთ “არსებობა” და ძვლივს ახერხებენ თავის გატანას დღიდან დღემდე. რაც უშუალოდ სწავლას შეეხება, გასაუმჯობესებელია უცხო ენის სწავლება უნივერსიტეტში და უამრავი უცხოური ლიტერატურაა სათარგმნი, რათა სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ისინი და მათი ცოდნის გაღრმავებას და პროფესიულ წინსვლას შეუწყოს ხელი. რექტორს მარტივი წლები არ ელის წინ, თანაც ამდენ აქციებისა და პროტესტის მოყვარულ სტუდენტებში (თანაც უკვე გამოცდილებში), შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ უნდა გამოიჩინოს პროფესიონალიზმი, და ღირსეულ კანდიდატს ჩააბაროს უნივერსიტეტი მომდევნო 4 წელი.

უნივერსიტეტი

ავტორები

bottom of page