არჩევნები 2016: ახალი პარლამენტი ძველი შიშებით
- გიორგი მელიქიძე
- Oct 19, 2016
- 2 min read

რამდენიმე დღეა რაც საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცესკომ ოფიციალურად გამოაცხადა. იმისდამიუხედავად რომ მეორე ტური 50 მაჟორიტალურ ოლქში დანიშნა, რაც ამდენივე ვაკანტურ ადგილს ნიშნავს ქუთაისში, ზოგადი ტენდენციებით მაინც შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა მთელი ამ პროცესიდან და მისი სამომავლო შედეგებიდან.
თავდაპირველად იურისტებისთვის საინტერესოა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. 8 ოქტომბრის არჩევნების შეფასება სხვადასხვა მხრიდან რადიკალურად განსხვავებული იყო: აშშ, ეუთო, ევროკავშირის დადებითი შეფასებები სრულ თანხვედრაში მოდიოდა მმართველ პარტიასთან; მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ეჭქვეშ დააყენა მისი სანდოობა და დემოკრატიულობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ მაინც მიიღეს მანდატები და განაგრძობენ მეორე ტურში ბრძოლას…
პირველი ტურის საუკეთესო შედეგები ასე გამოიყურება:
41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 856638 (48.68 %)
5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 477059 (27.11 %)
8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” 88097 (5.01 %)
27 „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” 81464 (4.63 %)
3 „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” 62226 (3.54 %)
10 „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 55208 (3.14 %)
ასევე გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობამ 3,43% შეადგინა, რაც საშუალო სტატისტიკურ მონაცემებში ჯდება
როგორც ხედავთ ბარიერი მხოლოდ 3-მა პარტიამ გადალახა:

114 მანდატი ნიშნავს, არა მხოლოდ კანონის მიღების ანდა მთავრობის დაკომპლექტების , არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას: კონსტიტუცია არის სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია ის ძირითადი პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი იდეოლოგია, რაზეც სახელმწიფოა დაფუძვნებული. შესაბამისად მასში ცვლილებების შეტანა უნდა იყოს მაქსიმალურად კონსენსუალური არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაშიც; ამ პრობლემის დასარეგულირებლად ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მაღალი კვოტაა მიღებული კონსტიტუციური კანონის მისაღებად და რაც ყველაზე საყურადღებოა, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ერთი შეკრების პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონი ძალაში შედის იმ შემთხვევაში, თუ მისი მომდევნო შემადგენლობაც ამ სახის პროექტს დაუჭერს მხარს. ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რადგან ფაქტობრივად არჩევნები იღებს რეფერენდუმის სახესაც, როდესაც ხალხი წყვეტს დაუჭიროს თუ არა პარტიას მხარი, რომელიც დაეთანხმება ან არ დაერთანხმება იმ ცვლილებებს რომელიც იქნება წინა შეკრების პარლამენტის მიერ შეთავაზებული. ამ მიდგომით კონსტიტუციის ლეგიტიმაცია მაქსიმალურად გაიზრდება.
რაც შეეხება ერთი პარტიის ხელში ისეთი ძალაუფლების ხელში მოქცევას როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, ბოლო 25 წლის მცირე, მაგრამ საკმარისად უარყოფითი გამოცდილება საბაბას გვაძლევს იმისა რომ ძალაუფლების ეს ხაფანგი დამღუპვლად მივიჩნიოთ ჩვენი მმართველებისთვის. რადგან ვერცერთმა წინა ხელისუფალმა ვერ გაუძლო ცდუნებას ეს შესაძლებლობა არა ქვეყნის კეთილდღეობისთვის და კონსტიტუციის განვითარებისთვის გამოეყენა, არამედ მათ საკუთარ თავზე მოირგეს მთელი ძალაუფლება. ეს ყველაფერი ემსგავსება ნულოვან თამაშს, რადგან მთელი ძალაუფლება თავს ერთი პარტიის ხელში მოიყრის. რასაც საბოლოოს ავტორიტარიზმისკენ მივყავდით…
ამ ყველაფერს ემატება გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი პარლამენტის უმრავლესობა აპირებს პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების გაუქმებას და იგი პარლამენტის მიერ გახდება დასმული. სრული უგუნურებაა ძალაუფლების გამიჯვნაზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ რომ საპარლამენტო მოდელისთვის ეს უფრო დამახასიათებელია, რადგან: პირველი – ჩვენ არ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, იგი უბრალოდ შეფასებულია, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ორიენტირებული, მეორე – მსოფლიოში ბევრია მაგალითი საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე რესპუბლიკისაც, სადაც პრეზიდენტი ხალხის მიერ პირდაპირი წესით აირჩევა, და ბოლოს გვერდს ვერ ავუვლით ხალხის აზრს: საყოველთაოდ ცნობილია რომ ჩვენი საზოგადოება დადებითად არის განწყობილი ქარიზმატული ლიდერების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კრიტიკული სიტუაციაა. ხოლო პრეზიდენტის დანიშნულებაც ხომ კრიზისების დროს იჩენს თავს საპარლამენტო მოდელის რესპუბლიკაში, ეს იქნება სამთავრობო კრიზისი თუ საომარი/საგანგებო სიტუაცია.
მსოფლიოში არ არსებობს პრემიერმინისტრი, რომელსაც ქარიზმა გააჩნია, არის გამონაკლისი მცდელობები, მაგალითად დეივიდ ქემერონი ანდაც სილვიო ბერლუსკონი, მაგრამ ისინი ბოლომდე მაინც პიარტექნიკოსების ხელოვნურობას ვერ გასცდნენ. ხოლო პრეზიდენტი, რომელიც ქარიზმატულია და რაც მთავარია, უდიდესი ლეგიტიმაციის მქონე, უფრო მარტივად შეძლებს ქვეყნის წინაშე დასახული პრობლემების გადაჭრას, კრიზისების განმუხტვას, განსაკუთრებით როცა მას მთავარსარდლის სტატუსის ქვეშ უწევს მოღვაწეობა.
Comments