გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა პრობლემა როდია
- არჩილ ჯავახიშვილი
- Feb 27, 2017
- 3 min read

ბოლო ხანებში საკმაოდ პოპულარულია თემა გენდერული თანასწორობა. ხშირად გვესმის ლოზუნგები „მეტი ქალი პოლიტიკაში“. ხშირად გვესმის ქალთა დისკრიმინაციის მაგალითები სწორედ გენდერული ნიშნის გამო. ვსაუბრობთ გენდერის სხვადასხვა სახეებზე, როგორიცაა: გენდერული როლები, გენდერული ურთიერთობები, გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა, გენდერული სამართლიანობა, გენდერული ანალიზი, გედერული ბალანსი და ა.შ.
საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ ტერმინ გენდერს ასე განმარტავს „გენდერი – სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“
თემის აქტურალურობიდან გამომდინარე განვიხილოთ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. „The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით 2006 წელს საქართველო 135 ქვეყანას შორის, გენდერული თანასწორობის ხარისხის მიხედვით 54-ე ადგილზე იყო, 2007 წელს 67-ე, 2008 წელს 82-ე, 2009 და 2010 წლებში 88-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2011-იდან 2014 წლის ჩათვლით 85-ე ან 86-ე ადგილზე იყო.
სტატიაში გვინდა განვიხილოთ საქართველოს მდგომარეობა და დავადგინოთ რამდენადაა დაცული გენდერული თანასწორობა, ხდება თუ არა გენდერული დისკრიმინაცია და თუ კი მაშინ რა დოზით, რა სფეროში და რა კეთდება ამის აღმოსაფხვრელად.

იმისათვის რომ უფრო ნათელი სურათი მივიღოთ გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს.
პირველი ეტაპი იმისათვის რომ საზოგადოების აქტიური წევრი გახდე პროფესიის დაუფლებაა და სწორედ ამიტომ პირველად საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული მდგომარეობა შევისწავლეთ. როგორც ქვემოთ მოცემულ სქემაზე ნათლად ჩანს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში 2003-2004 სასწავლო წლიდან 2013-2014 სასწავლო წლამდე მდედრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობა აღემატება მამრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობას. შესაბამისად განვითარების ამ ეტაპზე არ ხდება ქალთა გენდერული დისკრიმინაცია.
შემდეგი საფეხური უკვე შრომის ბაზარია. ეკონომიკური აქტივობების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული შედეგებით აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) მიხედვით მამაკაცები ჭარბობენ ქალბატონებს.
ქვემოთ მოცემული სქემა გვიჩვენებს 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების განაწილებას ეკონომიკური აქტივობების მიხედვით.

სქემა გვიჩვენებს 15 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცების განაწილებას ეკონომიკური აქტივობების მიხედვით.

სქემების განხილვამ ცხადყო რომ უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლები კაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალებში, თუმცა მამაკაცთა მეტი რაოდენობა განაპირობებს მათ მეტ პროცენტულ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში.
მოცემული ორი საფეხურის განხილვით საქართველოში ნამდვილად არ ხდება ქალთა დისკრიმინაცია და მათი უფლებების შელახვა, როგორც ამას ზოგი წყარო ამტკიცებს. ქალთა უფლებები ამ საფეხურებზე დაცულია, გენდერული თანასწორობის პრინციპი არაა დარღვეული და მეტიც, ქალები რაოდენობრივად ჭარბობენ უმაღლეს სასწავლებლებში და შრომით ბაზარზე მათი უმუშევრობის პროცენტი უფრო დაბალია ვიდრე მამაკაცების.
* * *
კვლევის დასასრულს გადავწყვიტე კიდევ ერთი მითი „მაღალანაზღაურებად სამსახურში მხოლოდ კაცები მუშაობენ“ დამერღვია და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის რაოდენობის შესახებ მომეპოვებინა ინფორმაცია. მონაცემთა კვლევამ საკმაოდ საინტერესო სურათი მიჩვენა. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო რომ ერთიდაიგივე სამუშაოს შესრულებისას ქალისა და მამაკაცის ხელფასის რაოდენობა საკმაოდ განსხვავდება.
გადავწყვიტე კვლავ კანონისთვის მიმემართა. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მეორე თავის მე-2 პუნქტის “თ” და “ი” ქვეპუნქტებში ნათლად განმარტავს ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობას შრომით ბაზარზე.
გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია:
თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება პროფესიული ნიშნის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ი) თანასწორი მოპყრობა ქალისა და მამაკაცის მუშაობის ხარისხის შეფასებისას.
ასევე გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი ამავე კანონის მეექვსე მუხლში - გენდერული თანასწორობა შრომითი ურთიერთობებისას, რომლის მეორე პუნქტშიც ვკითხულობთ: სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის.
კანონის მიხედვით დამსაქმებელი თანაბრად უნდა განიხილავდეს დასაქმებულთა ანაზღაურებას, თუმცა სქემაში ნათლად ჩანს დისბალანსი ნომინალური ხელფასის რაოდენობებს შორის:

რა თქმა უნდა მსგავსი ქმედება კანონდარღვევად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ არის პუნქტი, რომელშიც ნათქვამია:
დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ან/და მათთვის უპირატესობის მინიჭება, რაც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
ეს პუნქტი არ განმარტავს კერძოდ რა იგულისხმება „სამუშაოს არსში, სპეციფიკასა თუ შესრულების პირობებში“. დამსაქმებლები კი როგორც ჩანს საკმაოდ მოხერხებულად იყენებენ კანონის ამ მუხლს.
მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე, პრობლემა არ არის თვით გენდერული თანასწორობის საკითხი, არამედ კანონში არსებული უზუსტობები ქმნის პრობლემებს.
რაც შეეხება გენდერის პრობლემას, ვთვლი რომ კაცობრიობას ორივე სქესი სჭირდება, ისევე როგორც მათ სჭირდებათ ერთმანეთი. გაურკვეველია რატომ აღიქმება ერთი სქესი მეორეზე ნაკლებად? ეს მოძველებული შეხედულებაა, რომელიც დაბადებიდან „ჩაგვინერგეს“.
- თამარ მანჯავიძე.
Comments